რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრემიერმინისტრი, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უკრაინა "ნორმალურ მეზობლად" უნდა იქცეს. მისი მტკიცებით, უკრაინის წინააღმდეგ ომი "პუტინის გეგმით მიმდინარეობს". ამის შესახებ მან Ria-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
"ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს, უკრაინის სტატუსს, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოსი. სახელმწიფოსი, რომელიც არ არის მილიტარისტული. სახელმწიფოსი, რომელიც არის ჩვენი ნორმალური მეზობელი, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ნორმალური მეზობელი. ამიტომ, უკრაინის "დემილიტარიზაციის" და "დენაციფიკაციის" შედეგების მისაღწევად, სპეციალური ოპერაცია შესაბამისად უნდა გაგრძელდეს, როგორც პრეზიდენტმა ჩაიფიქრა", - თქვა მედვედევმა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიევი საუბრობს იმ დიდ დანაკარგებზე, რომელსაც მოსკოვი განიცდის. რუსეთი დაღუპული ჯარისკაცებისა და განადგურებული ტექნიკის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე რუსეთმა ვერ შეძლო ვერც ერთი დიდი ქალაქის დაკავება.